საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი

8 მაისს, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ვილნიუსის დიდ მთავართა სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ასი წელი“. 

საელჩოს მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ლიტვის სახელმწიფოს პირველი მეთაური ვიტაუტას ლანდსბერგისი, ლიტვის სეიმის (პარლამენტის) თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, სეიმის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, სახელისუფლებო პარტიის „მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ თავმჯდომარე რამუნას კარბაუსკისი, ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი ეიმუტის მიშიუნასი, თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, კულტურის მინისტრი ლიანა რუოკიტე-ჯონსონი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატები, ლიტვის კულტურისა და აკადემიური წრეების გამოჩენილი მოღვაწეები, ასევე ქართველი სტუდენტები და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 

მოწვეულ სტუმრებს ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ სიტყვით მიმართა, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან მეასე წლისთავის იუბილის შესახებ ისაუბრა და 1918 წელს, საქართველოს რესპუბლიკის დაარსებისა და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის კავშირების ჩამოყალიბების 100 წლისთავის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადადგა დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად. ხათუნა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველო-ლიტვის ურთიერთობათა ჭრილშიც და შეეხო ქ. თბილისში 1918 წელს დაარსებულ ლიტვის ერთ-ერთი პირველ დიპლომატიური მისიის და ლიტვის კავკასიის კომიტეტის როლს ორ ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განვითარების კუთხით. 

საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველო-ლიტვის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ლიტვის მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo-ს დამკვიდრების თაობაზე, რაც საქართველოსადმი ლიტვის გამორჩეულად მეგობრული დამოკიდებულების მაგალითს წარმოადგენს. 

ლიტვის რესპუბლიკის სახელით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილე მიულოცეს ლიტვის სეიმის (პარლამენტის) თავმჯდომარემ ვიქტორას პრანცკიეტისმა და ლიტვის სეიმის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა რამუნას კარბაუსკისმა, აგრეთვე ლიტვის რესპუბლიკის სიგნატართა (დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა) კლუბის პრეზიდენტმა ბირუტე ვალიონიტემ. თავიანთ გამოსვლებში მათ ხაზგასმით დააფიქსირეს ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი. 

ლიტვის სეიმის (პარლამენტის) თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დიდი მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს - 2018 წლის 26 მაისს. 

ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის სახელმწიფო არქივისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიტვის რესპუბლიკის ურთიერთობათა ამსახველი გამოფენა "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი“, რომელშიც ასახულია 1918-1921 წლებში ქ. თბილისში დაარსებული ლიტვის დიპლომატიური მისიის და ლიტვის კავკასიის კომიტეტის საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დამყარების ქრონიკა, და საქართველოს და ლიტვის კონტაქტები საერთაშორისო არენაზე. 

ასევე ღონისძიების განმავლობაში, დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო ფოტოგამოფენები „საქართველო-ლიტვის ისტორიული კავშირები (1495-1497)“, „ქართული ეროვნული კოსტუმი ევროპულ ოჯახში“, „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“, „ქართული ანბანის სამი სახეობა“, „მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ - აფხაზეთი“, „50 ქალი საქართველოდან“ და დიმიტრი ერმაკოვის ფოტომასალები. ასევე ნაჩვენები იყო ვიდეომასალა ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების Sakartvelo დამკვიდრების შესახებ, რომელიც მაყურებელს გააცნობს ლიტვურ ენაში საქართველოს მაცხოვრებლების, ქართული ენის, ეროვნების და ა.შ. აღმნიშვნელ ახალ სახელწოდებებს. 

ლიტვის რესპუბლიკაში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. 

მიღებაზე მიწვეული სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერების ფართო რეპერტუარით წარსდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ანსამბლი „სულიკო“. 

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა ქართული სამზარეულოს და ნუგბარის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ლიტვის მედია საშუალებების მიერ. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან კომპანია „ბორჯომი“, ლიტვის დიდ მთავართა სასახლე, ლიტვის ნაციონალური ფილარმონია, კომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“, ქართული ნაციონალური სამოსის სახლი. ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები.