საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე

დღეს, 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე. ამგვარად, ამიერიდან, ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.

ეს გახლავთ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი და ამავდროულად უაღრესად სიმბოლური ჟესტი, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა სწორედ მაისის თვეში იზეიმებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს.

ამდენად, ლიტვა გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც თავის ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება დაამკვიდრა, ისევე როგორც ზუსტად 100 ლიტვის სახელმწიფო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა თბილისში, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 
ასე რომ, ამიერიდან უკვე ოფიციალურადაც ვიწყებთ შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებას. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად Gruzijos Ambasada) იქნება „საქართველო ამბასადა“ (Sakartvelo Ambasada), კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ამჟამად Sveiki atvykę į Gruziją) - Sveiki atvykę į Sakartvelą, ქართველი (ამჟამად Gruzinas) - Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) - kartvelų kalba და ა.შ.

დარწმუნებული ვართ, რომ ლიტვის მოქალაქეები აიტაცებენ ამ სიახლეს და საქართველოს ლიტველ მეგობართა წრეში უკვე არაფორმალურად დამკვიდრებული საქართველოს ავთენტური სახელწოდება თითოეული ლიტველისთვის კარგად ნაცნობი და ყოველდღიურობაში გამოყენებადი გახდება.

აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფიქრობთ, თამამად შეგვიძლია ამ დღეს ვუწოდოთ საქართველო-ლიტვის მეგობრობის დღე.
საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში განახორციელებს შესაბამისის ცვლილებებს, წარწერები შეიცვლება ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ასევე საპატიო საკონსულოსა და ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში. ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან ლიტვაში დარეგისტრირებული ქართული სათვისტომოები და საქართველოზე ორიენტირებული ტურისტული სააგენტოები.