საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გამოფენა სეიმში 2008 წ. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით

რუსეთის სამხედრო აგრესიის ათი წლისთავთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) მთავარ დარბაზში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „Photo Stories: 10 Years since Russia`s military aggression and occupation of Georgian territories“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართველი მწერლის სალომე ბენიძის და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას წიგნის “sHEROes” ფოტომასალა. აგრეთვე გაიმართა აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც აღწერს ოკუპაციით დაზარალებული ქალების წინაშე არსებულ სირთულეებს და მათ ბრძოლას იმ სირთულეების დასაძლევად.

ამ ფარგლებში, ასევე შედგა ბრიტანელი ფოტოგრაფების ჯონ ჯონსისა და მალკოლმ ლინტონის ფოტომასალების გამოფენა “A Story of Internal Displacement Captured on Camera“, რომელიც ასახავს იმ ადამიანურ ტრაგედიებს, რასთან გამკლავებაც მოუწიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს.

გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი, საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე და სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ლაურინას კაშჩიუნასი. 

სეიმის სპიკერმა და მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელმა თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნეს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას, აღინიშნა, რომ დაუშვებელია გამყოფი ხაზების არსებობა და აუცილებელია მეტი ძალისხმევა, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე ძალზე აფასებს ლიეტუვის თანადგომას.

გამოფენის გახსნისას ნაჩვენები იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და თაკო რობაქიძისა მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლები „მცოცავი საზღვრები“ და „ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად“. 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატები, სეიმის წევრები, აკადემიური და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. გამოფენის გახსნა გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.