საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსის გახსნა

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელი კურსის სტუდენტებისთვისაც ახალი სასწავლო წელი გაიხსნა. 

საქართველოს საელჩოს ძალისხმევით აღნიშნული კურსები ვილნიუსის უნივერსიტეტში უკვე ოთხი წელია ფუნქციონირებს. მიმდინარე სასწავლო წლიდან კი ქართული ენა ვილნიუსის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კურიკულუმში გაერთიანდა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე შესაბამისი კრედიტები მიენიჭა. 

კურსი განკუთვნილია ლიეტუველებისთვის, მსმენელები ეუფლებიან ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს, ეცნობიან ქართული ლიტერატურის შესახებ საინტერესო საკითხებს. წელს კურსებზე დამატებით 25 ახალი სტუდენტი დარეგისტრირდა. 

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, მიმდინარე სასწავლო წლიდან ქართული ენის შემსწავლელი კურსები ასევე გაიხსნება ქ. კაუნასში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში. 

კურსის გახსნა ქართული ენით დაინტერესებულ ლიეტუველ მსმენელებს მიულოცეს საქართველოს ელჩმა ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძემ, სასწავლო პროგრამების საკითხებში ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ვალდას იასკუნასმა და ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა ინესა შეშკაუსკიენემ. ლიეტუველ სტუდენტებს კურსის გახსნა ასევე მიულოცეს ვილნიუსში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა გიორგი ხატიძემ, გურამ მაჭარაშვილმა, კარლო კოპალიანმა, ცოტნე ზურაბიანმა, გიორგი თოთლაძემ.