საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიეტუვის საჩუქარი ქართველი მაყურებლისათვის

ლიეტუვის საჩუქარი ქართველი მაყურებლისათვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მეასე წლისთავის აღსანიშნავად. ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ქ. ნაისაის თეატრმა ლიეტუვიდან საჩუქრად ქართველი მაყურებლისათვის წარმოადგინა სპექტაკლი „გზა სამოთხისკენ“. თეატრმა უფასო სპექტაკლები გამართა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოწვეული მაყურებლის წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე. ელჩმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „2018 წელი გამორჩეულია ორი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ვინაიდან საქართველო და ლიეტუვა სწორედ მიმდინარე წელს აღნიშნავენ დამოუკიდებლობის ასი წლისთავს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია ჩვენი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამასთან, ლიეტუვა წარმოადგენს საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში უდგას საქართველოს და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“. გარდა ამისა, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოსა და ლიეტუვას ასევე აკავშირებს ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული გამორჩეული ურთიერთსიმპათია, რომელიც წარმოადგენს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მყარ საფუძველს, ამდენად, ძალზე სიმბოლურია, რომ ჩვენი გამორჩეული მეგობარი ლიეტუვის რესპუბლიკა სწორედ ამ შთამბეჭდავი სპექტაკლით გვილოცავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავს“. სპექტაკლს ესწრებოდნენ ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ლიეტუვის მმართველი პარტიის „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერი რამუნას კარბაუსკისი და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოჯიუნასი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და სხვა საპატიო სტუმრები. აღსანიშნავია, რომ ეს საზეიმო ღონისძიება ჩატარდა 2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს მიერ ლიეტუვაში გამართული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში. საქართველოს თეატრებში სპექტაკლების ჩვენება ლიეტუვის მმართველი პარტიის „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერის, ლიეტუვის სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის რამუნას კარბაუსკისის მხარდაჭერით გაიმართა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამუნას კარბაუსკისმა ასევე შეხვედრები გამართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბექა ოდიშარიასთან და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი.