საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვია

21 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვია. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ლიეტუველ კოლეგასთან საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრა ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.​ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლიეტუვის რესპუბლიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, წარმატებული რეფორმების გაზიარების მიმართულებით. აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივი განხორციელების პერსპექტივა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს, ასევე - ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების, მათ შორის ლიეტუვის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა და ევროკავშირის მიდგომა “მეტი მეტისთვის” საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიეტუველი სტუდენტები, ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები. აღნიშნული შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა განათლების ფუნდამენტური რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. პრემიერმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს შეეხება. მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ევროპა არის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი და ერთადერთი ოჯახი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ეკუთვნის. პრემიერმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს ლიეტუვის რესპუბლიკას უმაღლესი განათლების მისაღებად, ასევე მადლობა გადაუხადა ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართულ ენას ეუფლებიან. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის “სტარტაპების” განვითარების კუთხით ლიეტუვის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მამუკა ბახტაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, ასევე დაათვალიერა ვილნიუსის უნივერსიტეტი და გააკეთა ჩანაწერი საპატიო სტუმართა წიგნში. ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა გვირგვინით შეამკო ლიეტუვის თავისუფლების დამცველთა მემორიალი. მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაპიტნის, დავით (დათიკო) მაჭავარიანის ხსოვნას. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე არტილერიის კაპიტანი 1918 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო თავისი საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად აწარმოებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა, სადაც მოგვიანებით მაიორის წოდება და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. იგი დაკრძალულია ვილნიუსის სასაფლაოზე.