საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ლიეტუვის განათლების მინისტრს შეხვდა

12 თებერვალს საქართველოს ელჩმა ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრთან ალგირდას მონკევიჩიუსთან. შეხვედრისას განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდიებისთვის, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისათვის ყოველწლიურად გამოყოფს ლიეტუვის მხარე. ხაზი გაესვა, რომ ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ლიეტუვაში მიიღონ განათლება როგორც სრულ სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე გაცვლით პროგრამებზე, ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე და ლიტუანისტიკის სასწავლო პროგრამებზე. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიეტუვაში სასწავლებლად სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობებს, როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამებზე სასწავლელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საელჩოს ინიციატივით ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენის კურსების ფუნქციონირებას და აღინიშნა ლიეტუველი ახალგაზრდების მაღალი ინტერესი ქართული ენისა და კულტურისადმი. საქართველოს ელჩმა ასევე შეხვედრა გამართა განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ლიეტუვური ენის საზღვარგარეთ სწავლების სამმართველოს და მადლობა გადაუხადა სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის საქმიანობის წარმატებული ადმინისტრირებისათვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. აღნიშნული ცენტრი, სადაც სამოცდაათამდე საქართველოს მოქალაქე ეუფლება ლიეტუვურ ენას, ლიეტუვის განათლების სამინისტროს დაფინანსებითა და ქართული მხარის მხარდაჭერით, წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე.