საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ლევან ღვაჩლიანი ლიეტუვის ქ. შაკიაის ეწვია

5 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი ქ. შაკიაის ეწვია. 

ქალაქის 420 წლის აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულზე ასევე მოწვეული იყვნენ ლიეტუვის ხუთი სხვა მუნიციპალიტეტის მერები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აღნიშნულის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს რეგიონები და წარუდგინა მათი ტურისტული პოტენციალი. 

ამასთან, ქ. შაკიაის კულტურის ცენტრში გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტთა ანსამბლ "სულიკოს" კონცერტი. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა და ქ. შაკიაის მერმა ედგარას პილიპაიტისმა. საქართველოს ელჩმა მერს და ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დღესასწაული მიულოცა. ასევე თავის სიტყვაში მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობებში რეგიონებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის სფეროებში და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების საკითხებში. ამასთან, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნება და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა. 

კულტურის ცენტრში სტუმრებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ქვეყნის საპრეზენტაციო მასალები. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან შაკიაის და დუშეთის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.