საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს სოლიდარობის აქცია - ფლეშმობი „საქართველოს გაერთიანებისთვის“

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში, ლიეტუველი და ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინიციატივით, გაიმართა საქართველოს სოლიდარობის აქცია - ფლეშმობი „საქართველოს გაერთიანებისთვის“. 

ღონისძიების მონაწილეებმა ოკუპაციის დაგმობის ნიშნად სიმბოლურად გაწყვიტეს მავთულხლართები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად გამოსახეს გამთლიანებული საქართველოს რუკა. 

მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა, რომელმაც ისაუბრა რუსეთის აგრესიის შედეგებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე. დაფიქსირდა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შეიარაღებული ძალების გაყვანის ნაცვლად, კიდევ უფრო აძლიერებს სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პარალელურად, დგამს ნაბიჯებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. 

ელჩმა მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს საქართველოს მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვა საქართველოს გამორჩეული მეგობარია და არსებულ ვითარებაში, საქართველოსათვის ძალზე ფასეულია პარტნიორთა ხმამაღალი და მკაფიო მხარდამჭერი პოზიცია.