საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კაუნასში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები გაიხსნება

4 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გამართა შეხვედრა კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის რექტორთან იუოზას აუგუტისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე ინეტა დაბაშინსკიენე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ილონა კაზლაუსკაიტე. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ამოქმედდება ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები. ამასთან, კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიაში საქართველოს ელჩი ამავე უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა სტუდენტებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, ესაუბრა მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. ასევე, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო მომსახურებების შესახებ. ელჩმა სტუდენტებს ასევე მოუწოდა ფართოდ ჩაერთონ ლიეტუვაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.