საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს სახელობის აუდიტორია გაიხსნება.

18 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გამართა შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ, ინესა შეშკაუსკიენესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დეკანის მოადგილე პროფესორი დიანა შილეიკაიტე-კაიშაური.

შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს სახელობის აუდიტორიის გახსნის თაობაზე.

ასევე, უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. წელს კურსებზე დამატებით 25 ახალი სტუდენტი დარეგისტრირდა.

აღნიშნული კურსები ხორციელდება ვილნიუსის უნივერსიტეტის პროგრამის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ ფარგლებში და მასზე დასწრება შეუძლია ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. ამასთან, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართული ენა შეუძლიათ ისწავლონ, როგორც არჩევითი საგანი, ხოლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების სტუდენტებმა, როგორც თავისუფალი საგანი.

საქართველოს საელჩოს ძალისხმევით აღნიშნული კურსები ვილნიუსის უნივერსიტეტში მეექვსე წელია ფუნქციონირებს. გასული სასწავლო წლიდან კი ქართული ენა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კურიკულუმში გაერთიანდა.