საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისობა ვილნიუსში 2019

11 ოქტომბერს ქ. ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართა თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიება. საქართველოს საელჩო ლიეტუვაში ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის მიზნით თბილისობას ვილნიუსში უკვე მეხუთე წელია მართავს. 

დღესასწაული მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში ლევან ღვაჩლიანმა. მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა დაძმობილებულ ქალაქებს, თბილისსა და ვილნიუსს, შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. 

წელს, საქართველოს და ლიეტუვის დედაქალაქები პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, წარმოდგენილი იქნა ქართული მინერალური და გამაგრილებელი სასმელები, ქართული ნობათი. ვილნიუსელებმა და დედაქალაქის სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და მიიღეს მონაწილეობა ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადებაში. 

თბილისობაზე მოსული სტუმრებისათვის ქართული სიმღერები შეასრულეს ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებმა. 

ამასთანავე, გაიმართა ფოტოგამოფენის „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“ და ლიეტუვაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნიკოლოზ გამხიტაშვილის ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნა „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლი“ და გაიმართა ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრების პრეზენტაცია. 

ღონისძიებას დაესწრნენ ლიეტუვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ლიეტუვაში მცხოვრები ქართული სტუდენტების და დიასპორის წარმომადგენლები. 

საქართველოს საელჩო ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქ. თბილისისა და ქ. თელავის მერიებს, ქ. ვილნიუსის მერიას, ლიეტუვაში საქართველოს საპატიო კონსულს კაზიმიერას მუსტეიკისს, კომპანია „ბორჯომს“, ქართული ღვინის კომპანიებს „თბილღვინო“ -ს და ,,მეღვინეობა ხარება“ -ს, ლიეტუვაში არსებულ ქართულ რესტორანებს „Georgian House“ და „Pirosmani“, ასევე ქართველ სტუდენტებს. თბილისობა ფართოდ გაშუქდა ლიეტუვური მედია საშუალებების მიერ.