საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა ვილნიუსში

30 ნოემბერს საქართველოს საელჩოს თანა-ორგანიზატორობით ქ. ვილნიუსში გაიმართა საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული საახალწლო ნობათი, ქართული პროდუქცია, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები. ასევე საშობაო ბაზრობაზე მოსულ ქართული კუთხის სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ტურიზმის პოტენციალის შესახებ. ქართულ კუთხე მოინახულეს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლემ დიანა ნაუსედიენემ, ვილნიუსში აკრედიტირებულმა დიპლომატებმა, ასევე სხვა საპატიო სტუმრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ქალაქის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხის განათების ცერემონიაში და შეკრებილ სტუმრებს დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა. ვილნიუსის საშობაო ბაზრობაზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქართული პროდუქციიდან შემოსული თანხა გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაციას - International Women Association of Vilnius, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უწევს დახმარებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „ბორჯომის“, „დუგლაძის ღვინის კომპანიის“, „მეღვინეობა ხარებას“, ,,ნატახტარის“, „კულას“, „ქართული სუნელების“ პროდუქცია, ლიეტუვაში ქართული რესტორნების „Georgian House” და "ქართული პურის" კერძები, ასევე კაუნასში არსებული “ქართული ხელოვნებისა და სურნელის სახლის” პროდუქცია. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ლიეტუვური მედიასაშუალებების მიერ.