საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დისკუსია ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმში

2 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმში გამართულ დისკუსიაში, რომლის თემასაც წარმოადგენდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ლიეტუვის ბიზნეს შესაძლებლობების განხილვა.
დისკუსიის მთავარი გამომსვლელები იყვნენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ეგიდიუს მელიუნასი და მანტას ადომენასი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი, ლიეტუვის დამსაქმებელთა კონფედერაციის პრეზიდენტი დანუკას არლაუსკასი და ლიეტუვის ბიზნეს კონფედერაციის გენერალური დირექტორი ეგლე რადიშაუსკიენე.
დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ლიეტუვის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, სეიმის წევრებმა, ყოფილმა და მოქმედმა ლიეტუველმა დიპლომატებმა.
გამოსვლაში ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და ლიეტუვასთან ორმხრივი ვაჭრობის სამომავლო პერსპექტივებზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო Covid-19-თან მიმართებაში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გეგმები.
დისკუსიის ორგანიზატორი და მოდერატორი იყო ლიეტუვის ჩრდილოვანი მთავრობის (უდიდესი ოპოზიციური ფრაქციის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა ალტერნატიული კაბინეტის) საგარეო საქმეთა მინისტრი გიედრიუს სიურპლისი.
ღონისძიება გაშუქდა ლიეტუვური მედია საშუალებების მიერ.