საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლებს შეხვდა

2021 წლის 27 სექტემბერს, ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, რაიმუნდას ლოპატასთან. 
 
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის პარლამენტში საქართველოსთან თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და 49 დეპუტატს აერთიანებს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოებს შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.
 
თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის პარლამენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღინიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის დადებითი როლი ორი ქვეყნის ურთიერთობებში. მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის  თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მნიშვნელობას, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის განვითარების პერსპექტივებს, „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებსა და ამ პროცესში ლიეტუვის მხარდაჭერას.
 
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები. აღინიშნა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ლიეტუვის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ხუთი დეპუტატი სამაკვირვებლო მისიით დაესწრება.
 
თეიმურაზ ჯანჯალიამ ლიეტუველ პარლამენტარებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობასა და განვითარებებზე; ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის მიერ  ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
 
ლიეტუვურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართულებით.