საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

2021 წლის 27 სექტემბერს, ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან აღმოსავლეთ სამეზობლო და დემოკრატიული განვითარების საკითხებში, გალინა ვასჩენკაიტესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ გამორჩეულ მტკიცე მეგობრობას და პარტნიორობას, რაც ასევე აისახება ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობაზე.
 
ვრცლად იქნა განხილული ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი; განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზები, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის პერსპექტივა და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმები. მხარეებმა იმსჯელეს „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ და მის მომავალზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ ლიეტუველ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები დეკემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.
 
ლიეტუვურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალობის შენარჩუნების მხრივ პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას.
 
ლიეტუვის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და აღინიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.