საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე!

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში და ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებას და შემდგომ განვითარებას.

2018 წელს ჩვენ ერთად აღვნიშნეთ ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეები. ჩვენს ურთიერთპატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ ლიეტუვას ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჰქონდა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ ერთად გამოვიარეთ საბჭოთა რეჟიმი, ერთად გავიარეთ რთული გზა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისკენ, და ამ გზაზე ყოველთვის ვამხნევებდით ერთმანეთს.

2021 წელს, 30 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წლის 27 აგვისტოს დე იურედ აღიარა ლიეტუვის დამოუკიდებლობა, ხოლო ლიეტუვის მხრიდან ასეთივე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1991 წლის 20 დეკემბერს. დამოუკიდებელი ლიეტუვა მალევე გახდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. ქართველმა ხალხმა, ასევე, ევროპული გზა აირჩია და სწორედ ამ გზაზე ჩვენ ძალიან გვეხმარება ლიეტუვის გამოცდილების გაზიარება, ყოველთვის ვგრძნობთ მათ ძლიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და ლიეტუვას ახლო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-მდე საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში.

აღსანიშნავია საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. ლიეტუვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება.

მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ინტენსიური პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა საქართველოსა და ლიეტუვის რეგიონებს შორის.

ვებ-გვერდზე განთავსებული სიახლეები საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს საქმიანობას, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობებს, ასევე თვალი ადევნოთ ლიეტუვაში ქართული დიასპორისთვის სასარგებლო ინფორმაციას.