საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს კუთხე და ჩურჩხელის მასტერ-კლასი საშობაო ბაზრობაზე

1 დეკემბერს საქართველოს საელჩოს თანაორგანიზატორობით ქ. ვილნიუსში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია, ქართული სამზარეულო, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩურჩხელა, ფელამუში, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები და სხვა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს საელჩომ საშობაო ბაზრობის სტუმრებს კახეთის კუთხის ნობათი წარუდგინა. საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ საშობაო ბაზრობის სტუმრებისათვის ჩურჩხელის მომზადების მასტერ კლასი ჩაატარა, რამაც განსაკუთრებული ინტერესი და შეფასება დაიმსახურა. საშობაო ბაზრობის სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ტურიზმის პოტენციალის შესახებ. საქართველოს სტენდი ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის მეუღლემ სილვია სკვერნელემ მოინახულა და ქართული ჩურჩხელა საკუთარი ხელით დაამზადა. საქართველოს ჯიხურს ასევე ეწვიენ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე, ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა ქალაქის რატუშასთან საზეიმო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს და დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა. ღონისძიების სტუმრებისათვის შესრულდა ქართული ცეკვა და სიმღერები. საშობაო ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქართული პროდუქციიდან შემოსული თანხა გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაციას International Women Association of Vilnius, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უწევს დახმარებას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა. საქართველოს საელჩო ლიეტუვაში დიდ მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს: კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას და ქ. თელავის მერს ბ-ნ შოთა ნარეკლიშვილს თელავის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანიებს - "ბორჯომი", რესტორანი "ქართული სახლი", რესტორანი „მტევანი“, საქართველოს გემოვნებისა და სურნელის სახლი კაუნასში, ქართული პროდუქციის ონლაინ მაღაზიები „ქართული სუნელები“ და „მზის გემო“, ქალბატონ მარინა ტატულაშვილს, აგრეთვე ლიეტუვის უნივერსიტეტების სტუდენტებს საქართველოდან: გიორგი ლომთაძეს, ხატია აგიაშვილს, ნინი ტაბატაძეს და ნიკოლოზ ისაიანს