საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ლიეტუვის სეიმის სპიკერთან

22 მაისს ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმის სპიკერთან ვიქტორას პრანცკიეტისთან. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს გამორჩეული ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრობისა და ურთიერთმხარდაჭერის ხანგრძლივ ტრადიციებს.

საუბარი შეეხო ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში. დაფიქსირდა, რომ ლიეტუვის კვლავაც განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მიერ წარმოებული რეფორმების ხელშეწყობას. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მადლიერება გამოხატა ლიეტუვის მხარდაჭერისათვის. აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ლიეტუვის სეიმს გააჩნია ხაზგასმული როლი, რაც მკაფიოდაა ასახული სეიმის მიერ უკანასკნელ წლებში მიღებულ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებსა და რეზოლუციებში.

ელჩმა და სეიმის სპიკერმა ასევე ისაუბრეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.