ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 16 სექტემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიტვის რესპუბლიკაში

2004 წელს ლიტვის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

დავით აფციაური 2004 - 2008;
გიორგი ქერდიყოშვილი 2008 - 2012;
ხათუნა სალუქვაძე 2013 - დღემდე.
 საქართველოს საპატიო კონსული ლიტვის რესპუბლიკაში: კაზიმირას მუსტეიკისი, 2015 - დღემდე. 

ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2001-2005 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლიტვის საელჩოს მიერ.

2005 წელს საქართველოში გაიხსნა ლიტვის რესპუბლიკის საელჩო.

რიჩარდას დეგუტისი (Ričardas Degutis) 2005 - 2008;
მეჩის ლაურინკუსი (Mečys Laurinkus) 2008 - 2010;
იონას პასლაუსკასი (Jonas Paslauskas) 2010- დღემდე.
ლიტვის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში: ბორის გამრეკელი (თბილისის საკონსულო ოლქი) 2010 - დღემდე.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოს და ლიტვას ახლო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-მდე საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

აღსანიშნავია საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. ლიტვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება. ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია მეგობრობის ჯგუფები, რომლის ფარგლებში ლიტველი და ქართველი პარლამენტარები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს. ლიტვის სეიმში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფი არის ყველაზე მრავალრიცხოვანი.

2009 წლის აპრილში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა ქარტიას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ „Charter on European and Euro-Atlantic Integration between Georgia and the Republic of Lithuania", ხოლო 2010 წლის მაისში დაფუძნდა ლიტვასა და საქართველოს შორის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომისია, რომელიც მხარეებს შორის რეგულარული კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების ფარგლებში.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის" პროგრამის ფარგლებში საქართველო 2006 წლიდან ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყანას წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 1,41 მილიონი ევროს ღირებულების 133 პროექტი. სამაგალითოა ხაშურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნა და ქალაქის ცენტრალური სკვერის განახლება. არსებული პროექტები მიზნად ისახავს დახმარებას რეფორმების განხორციელებაში, ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური უნარების განვითარებას, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეფექტური მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განვითარების ხელშეწყობას და სხვა. ამასთანავე, ლიტვა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ახორციელებს თვინინგის პროექტებს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

2015 წელს ლიტვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რის საფუძველზეც დღემდე ლიტვა-საქართველოს მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სამი სხდომა გაიმართა.

2001 წლიდან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობას თავდაცვის სფეროში და მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა სამხედრო განათლება, კონსულტაციები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, გამოცდილების გაზიარება თავდაცვის ტრანსფორმაციისა და მართვის საკითხებში, კონსულტაციები სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელების საკითხებზე.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით რეგულარულად იმართება საქართველო-ლიტვის ბიზნეს-ფორუმები. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი აკავშირებთ ფოთის, ბათუმისა და კლაიპედას საზღვაო პორტებს. საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტული, სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმართვის მიზნით, ლიტვა გამოცდილებას უზიარებს საქართველოს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო, ე.წ. „ექსტენციის" ცენტრების საქმიანობისა და „მობილური ბაზრის" კუთხით, ასევე ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური რესურსის განვითარების მხრივ.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში. ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ლიტვის სხვადასხვა ქალაქში ხშირად იმართება კონცერტები, გამოფენები და ფილმების ჩვენებები. 2013 წლიდან ძალაში შევიდა ლიტვის მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად, ლიტვის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ლიტვის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ღირებულებას დაუფინანსებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტუანისტიკის ცენტრი, სადაც ლიტვური ენის შესწავლის მსურველებს უფასო ლექციებზე დასწრების საშუალება აქვთ. 2013 წელიდან ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი  ფუნქციონირებს. 2015 წელს ლიტვის დედაქალაქის ვილნიუსის ისტორიულ უბანში ,,თბილისის სკვერი" გაიხსნა.

 

 

მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა საქართველოსა და ლიტვის რეგიონებს შორის. ხორციელდება ერთობლივი პროექტები და რეგულარული ვიზიტები.

ბმულები:
საქართველოს საელჩო ლიტვაში
ლიტვის საელჩო საქართველოში
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლიტვის პრეზიდენტი
ლიტვის პარლამენტი
ლიტვის მინისტრთა კაბინეტი
ლიტვისა და საქართველოს ერთობლივი პროექტები

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ