ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ტურიზმის და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა

20 იანვარს, ვილნიუსში გაიხსნა ტურიზმის და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2017”, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ლიტვის ეკონომიკის მინისტრი მინდაუგას სინკევიჩიუსი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე და გამოფენის დირექტორი მინდაუგას რუტკაუსკასი. გახსნის ცერემონიის დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოს თემატიკას. ქართულ ეროვნულ ტანისამოსში ჩაცმულმა მსახიობებმა შეასრულეს ქართული სიმღერები, ნაჩვენები იქნა სარეკლამო კლიპი.

საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭებისთვის, გააცნო დამსწრეებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ისაუბრა საქათველოში ტურისტთა რაოდენობის მზარდ ტენდენციაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, ხაზი გაუსვა დიდ ინტერესს საქართველოს მიმართ და გამოფენის უცხოელი სტუმრები და ლიტველები საქართველოში სამოგზაუროდ მოიწვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტენდი გამოფენაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ქართულ კუთხეს ეწვივნენ ლიტვის ეკონომიკის მინისტრი მინდაუგას სინკევიჩიუსი, ლიტვის სახელმწიფო ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი იურგიტა კაზლაუსკიენე, ლიტვის საკურორტო ქალაქების, კლაიპედისა და ნერინგის მერები ვიტაუტას გრობლიაუსკასი და დარიუს იასაიტის, ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი, საგამოფენო დარბაზის დირექტორი მინდაუგას რუტკაუსკასი, ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აუდრიუს სიაურუსევიჩიუსი, საქართველოს საპატიო კონსული კაზიმირას მუსტეიკისი და სხვა საპატიო სტუმრები.

გამოფენის მსვლელობისას სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა და სხვა ქართული პროდუქცია, მოისმინეს ქართული სიმღერები ლიტვაში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა ჯგუფი „საქართველო“-ს შესრულებით.

აღნიშნულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე საქართველომ უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ ქართულ ტურისტულ მიმართულებებს და ლოკაციებს. აღსანიშნავია, რომ ლიტვაში წლიდან წლამდე იზრდება ქართული ტურისტული მიმართულებების პოპულარობა და საქართველოში ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობა.

საელჩოს ხელშეწყობით, გამოფენაში მონაწილეობენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და მთის კურორტების განვითარების კომპანია. აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ლიტვურ მედიაში.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ