ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ქართული ეროვნული კოსტუმი ევროპულ ოჯახში“ გამოფენა

ლიტვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ა.წ. 30 ნოემბერს ლიტვის ეროვნულ მუზეუმში გაიმართა გამოფენის გახსნა „ქართული ეროვნული კოსტუმი ევროპულ ოჯახში“. აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო ლიტვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ლიტვის მმართველი „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერი რამუნას კარბაუსკისი. აღნიშნული ღონისძიებით, საზეიმოდ გაიხსნა 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებათა სერია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ლიტვის სეიმის წევრები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლიტვის ხელოვნებისა და კულტურის, ბიზნეს წრეების, მედია-საშუალებების წარმომადგენლები. საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც აქტიურად ვითარდება როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე. მოკლედ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ლიტვის მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის. გარდა ამისა, ელჩმა მიმოიხილა კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ქართული ეროვნული სამოსის ისტორიის შესახებ. ლიტვის სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა გამოსვლისას მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს თანამშრომლობა უახლოეს პერიოდში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისათვის. ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა ისაუბრა ახლახან მის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე და დააფიქსირა, რომ მისი ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი კულტურული თანამშრომლობის პროგრამის საფუძველზე, არსებობს კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ლიტვის ეროვნულ მუზეუმში შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე დაეთვალიერებინათ ეკატერინე ჯავახიშვილის „ქართული ეროვნული სამოსის სახლის“ ექსპონატები, გარდა ამისა, მუზეუმში ასევე გაიხსნა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება“. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდეგნილია ფოტო-გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“, და მხატვარ-დიზაინერის სოფიო ეცადაშვილის მიერ ქართული ეროვნული სამოსის მოტივებით შესრულებული ტიხრული მინანქრის ნამუშევრები. ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე წარსდგნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული სოლისტების ანსამბლი „სულიკო“ და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის” წევრები. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ლიტვურ მედიაში. ამასთან, 1 დეკემბერს ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელ LRT-ს გადაცემაში „ლაბას რიტას“, საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებების შესახებ და მაყურებელი მოიწვია ლიტვის ნაციონალურ მუზუემში გამოფენის „ქართული ეროვნული კოსტუმი ევროპულ ოჯახში“ დასათვალიერებლად. გადაცემაში მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული სოლისტების ანსამბლი „სულიკო“, რომლებმაც პირდაპირ ეთერში შეასრულეს ლიტვის ჰიმნი, ხოლო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა შეასრულა ქართული ცეკვა. 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ