საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მასპინძლობით გამართული მაღალი დონის რიგით მე-2 ფორუმი “Future of Democracy”

9-10 ნოემბერს, ქ. ვილნიუსში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მასპინძლობით გამართულ მაღალი დონის რიგით მე-2 ფორუმში “Future of Democracy”.

 

მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა ფორუმის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის პანელზე - What will replace the crumbling Global security architecture. მან ისაუბრა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გავლენაზე გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე და ამ მხრივ დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან საჭირო პასუხებსა და ნაბიჯებზე.

 

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ეთნიკური ქართველების ძირითადი უფლებების და თავისუფლებების გახშირებული დისკრიმინაციის, ასევე სიცოცხლის ხელყოფის არაერთ ფაქტზე. ხაზი გაესვა, მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციას“ და რუსეთის სხვა პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, გახშირებულ უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს  ლანდსბერგისმა. ფორუმი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გასამართი დემოკრატიის მეორე სამიტის მხარდასაჭერი წინმსწრები ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 30-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსი, დიპლომატი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მანტას ადომენასთან.

 

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლიეტუველ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ისევე როგორც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობასა და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

 

ხაზი გაესვა, დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას, ისევე როგორც ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების დღის წესრიგში მუდმივი შენარჩუნების აუცილებლობას.

 

განხილულ იქნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

 

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი დაეთმო მომავალი წლის 11-12 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, რომელიც ვილნიუსში გაიმართება. ლაშა დარსალიამ ისაუბრა ნატო-ში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები; ხაზგასმულ იქნა ამ მიმართულებით ლიეტუვის, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 

შეხვედრის დასასრულს, ლიეტუვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.