საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მაღალი დონის სემინარი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე

2022 წლის 16-17 ნოემბერს, ქ. ვილნიუსში, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მაღალი დონის სემინარი - Reshaping the EU’s Security and Defence Agenda in the Eastern Neighborhood.
სემინარზე განხილულ იქნა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში არსებული ცვლილებები, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილი ახალი უსაფრთხოების რეალობის შედეგად; მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭება, და ამბიციები კანდიდატის სტატუსის მისაღებად; და სხვა.
საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე, სიტყვით გამოვიდა, ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე, სახელწოდებით - „პარტნიორებიდან კანდიდატობამდე: ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ინსტრუმენტების ადაპტაცია“.

სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა ისაუბრა საქართველოს სამეზობლო კალათიდან გაფართოების პაკეტში გადასვლასა და ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილების - ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე. ამასთან, ხაზგასმულ იქნა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მიმართულებით თანამშრომლობაზე და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ელჩმა ასევე ისაუბრა, უსაფრთხოების სფეროში, ევროკავშირისა და ნატო-ს სამშვიდობო მისიების ფარგლებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე.
სალომე შეფაქიძემ, ასევე ისაუბრა ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.