საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმის სპიკერთან ვიქტორია-ჩმილიტე ნიელსენთან.

მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას. განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური კავშირები და განხილულ იქნა მიმდინარე წელს დაგეგმილი ვიზიტები. 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე; სალომე შაფაქიძემ გააცნო სეიმის სპიკერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგაშო ვითარება, მიმდინარე უკანონო პროცესები და მადლიერება გამოხატა აღნიშნულ საკითხში, ისევე როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ლიეტუვის გამორჩეული მხარდაჭერისათვის.

საუბარი დაეთმო უკრაინაში მიმდინარე  რუსეთის სამხედრო აგრესიას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც მთლიანად რეგიონთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პარლამენტი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და რაც სხვადასხვა დროს გამოიხატა არაერთი რეზოლუციის და განცხადების მიღებით. 

თავის მხრივ, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების  აქტიურ მხარდაჭერას ყველა დონეზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.