შეხვედრა დიასპორასთან
26 იანვარს, საელჩოს ორგანიზებით ტრადიციად ქცეული შეხვედრა გაიმართა ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ შეაჯამა საელჩოს მიერ გასულ წელს გაწეული სამუშაო და ამასთანავე, თანამემამულეებს გაუზიარა ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ; ამ მხრივ ხაზი გაესვა 2024 წელს საქართველო-ლიეტუვის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა გასულ წელს ლიეტუვაში ქართული საკვირაო სკოლის გახსნა და იმედი გამოითქვა, რომ სკოლის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქართველი ბავშვების და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას საკუთარ სამშობლოსთან. ხაზი ასევე გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებში, თანამემამულეების აქტიური ჩართვის მნიშვნელობას, რაც ლიეტუვაში ქართული კულტურის უკეთ წარმოჩენას შეუწყობდა ხელს.
შეხვედრის ფარგლებში კონსულმა ეკატერინე ჭავჭავაძემ საქართველოს მოქალაქეებს ასევე სხვადასხვა საკონსულო მომსახურეობები გააცნო.
შეხვედრის შემდგომ, ქართული კერძებისა და ღვინის თანხლებით, მცირე მიღება გაიმართა.