Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს დღე ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში

ქ. კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 2023 წლის 22 მაისს, საქართველოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, შედგა დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება დაიმსახურა.
საქართველოს ელჩთან სალომე შაფაქიძესთან დისკუსიას მოდერატორობას უწევდა, პროფესორი ანდჟეიუს პუკშტო. დისკუსია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ასევე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ვილმა ბიეიკიენე და უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორი ტერესე რინგაილიენე.
დისკუსიის ფარგლებში, ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებზე და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. ხაზგასმულ იქნა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობა.
ვრცელი საუბარი დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციას“ და რუსეთის სხვა პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, გახშირებულ უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
საქართველოს ელჩმა ასევე უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
ღონისძიების აღსანიშნავად, უნივერსიტეტში მოეწყო ქართული ანბანის გამოფენა - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და გამოფენილ იქნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“, ასევე, წარმოდგენილ იქნა ქართული სამზარეულო.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ქართული მინერალური წყლები "საირმე" და "ნაბეღლავი", ასევე გამეგრილებელი სასმელები "ნატახტარი" და "ყაზბეგი". ქართულ პროდუქციასთან ერთად ასევე წარმოდგენილი იყო კაუნასში საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლის ნამუშევები.