ქ. კლაიპედაში გამართული ღონისძიება საქართველოს შესახებ
31 იანვარს, ქ. კლაიპედაში LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების ინიციატივითა და საელჩოს ხელშეწყობით საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ და LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა მარლენ უალმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის შესახებ, მოეწყო რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ცუდი ხალხის“ ჩვენება და გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
დასასრულს, ღონისძიების სტუმრებს საელჩო ქართული კერძებითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები, ისე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
საქართველოს საელჩო ლიეტუვაში გულითად მადლობას უხდის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს აღნიშნულ ღონისძიებას და ასევე LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გულთბილი მასპინძლობისთვის.