Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ანსამბლ „სულიკოს“ კონცერტი ლიტვის ეროვნულ ფილარმონიაში

ა.წ. 2 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის ეროვნულ ფილარმონიაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული სოლისტების ანსამბლი „სულიკოს“ კონცერტი გაიმართა. ლიტვაში ქართული კულტურისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ხოლო ანსამბლის წევრებმა მხურვალე ოვაციები დაიმსახურეს. კონცერტზე შესრულდა საოპერო, მრავალხმიანი, ქართული ხალხური პოლიფონია და ქალაქური ფოლკლორი. 

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვის კულტურის მინისტრი ლიანა რუოკიტე-ჯონსონი, პარლამენტის (სეიმის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი მწვანეთა და ფერმერთა პარტიის ლიდერი რამუნას კარბაუსკისი, ლიტვის ხელისუფლების, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ლიტვაში წარმოდგენილი ქართული დიასპორის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები. 

სტუმრებს სიტყვით მიმართა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ. გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ თანამშრომლობასა და გამორჩეულად მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე აქცენტი გააკეთა კულტურის სფეროში მჭიდრო ურთიერთკავშირებზე, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნისა და ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას. 

ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის მეასე წლისთავზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიტვას შორის ტრადიციულად არსებული ურთიერთსიმპათია და მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები წარმოადგენს იმ მყარ საფუძველს, რომელზეც აგებულია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა. 

ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტე-ჯონსონმა მადლობა გადაუხადა ანსამბლს თავბრუდამხვევი პერფორმანსისთვის და აღნიშნა: "ანსამბლმა "სულიკომ" ამ საღამოს ხელში აიყვანა ლიტვის ეროვნული ფილარმონიის პუბლიკა თავის უნიკალური ვოკალური და მუსიკალური პროფესიონალიზმით. ეროვნული იდენტურობის პოპულარიზაციით, საერთაშორისო კულტურული კავშირების ხელშეწყობით, ანსამბლი "სულიკო" არის საქართველოს ნამდვილი, ძვირფასი მარგალიტი! კონცერტმა გააერთიანა ორი სახელმწიფოს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასი წლისთავის სადღესასწაულო თარიღები.“ 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები ლიტვის რესპუბლიკაში "სულიკოს" კონცერტით დაიწყო. პროექტის მხარდაჭერისათვის საქართველოს საელჩო ლიტვაში მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ლიტვის ეროვნულ ფილარმონიას.