Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დავით ზალკალიანი ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

ლიეტუვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვის სეიმის სპიკერს ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა.  

შეხვედრას ლიეტუვის პარლამენტის წევრები - საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ლუცია ანდრიკიენე და  საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე რაიმუნდას ლოპატა ესწრებოდნენ. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ და მჭიდრო თანამშრომლობას საპარლამენტო დონეზე, მათ შორის აღინიშნა მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე. 

სეიმის პარლამენტის სპიკერის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ლიეტუვის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული არჩევანის და საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებას და უკვე არსებულ შედეგებს ასოცირების შეთანხმების და უვიზო მიმოსვლის სახით.  მათ შორის აღინიშნა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესში  განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების წარმატებით გაგრძელების მნიშვნელობა და ამ გზაზე ლიეტუვის შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.  

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე,  არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და  გაცვალეს მოვლენათა განვითარების ხედვები. ლიეტუვის სეიმის წარმომადგენელთა მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რჩევა ლიეტუვის საპარლამენტო საქმიანობის  პრიორიტეტებს შორის.  

გამოითქვა მზადყოფნა საპარალამენტო დონეზე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობის  პოზიტიური დინამიკა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ვაჭრობა და ხალხთაშორისი ურთიერთობები.