ლიტვის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორია გაიხსნა
10-11 მაისს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში, ლიტვის ქ. კაუნასში საქართველოს დღეები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორია და გაიმართა საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის საჯარო ლექცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და საქართველო-ლიტვის ისტორიული კავშირების შესახებ.
ამ ფარგლებში, კაუნასს ასევე ეწვია ქ. ქუთაისის მერიისა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტთან, ასევე გაიმართა ლიტვის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პოეტ ვლადას ბრაზიუნასის ლექსების ქართული თარგმანის ფოტოგამოფენა სახელწოდებით "ვლადას ბრაზიუნასის პოეზია ქართულ კალიგრაფში".
შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის რექტორმა იუოზას აუგუტისმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთძემ. ამასთან, საქართველოს საელჩომ და ქუთაისის უნივერსიტეტმა აუდიტორიაში მუდმივი ექსპონირებისთვის კაუნასის უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცეს შოთა რუსთაველის ბარელიეფური პორტრეტი, ფოტომასალა საქართველოს ხედებით, ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები, ქართული ანბანისა და ქართველი პოეტების კომპაქტ-დისკები, უცხოელებისთვის განკუთვნილი ქართული ენის სახელმძღვანელოები და საპრომოციო მასალა საქართველოს შესახებ.
კაუნასის უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადადგა დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად. გარდა ამისა, ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ლიტვის კავშირებზე 1918-1921 წლებში, თბილისში იმ პერიოდში მოქმედი ლიტვის დიპლომატიური მისიისა და ლიტვის კავკასიის კომიტეტის საქმიანობაზე. ასევე აქცენტი გაკეთდა აღნიშნულ პერიოდში ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონტაქტებზე საერთაშორისო არენაზე.
ლექციის ფარგლებში საქართველოს-ლიტვის თანამედროვე ურთიერთობების მიმოხილვისას, ხათუნა სალუქვაძემ განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ლიტვის მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo-ს დამკვიდრების თაობაზე, რაც საქართველოსადმი ლიტვის გამორჩეულად მეგობრული დამოკიდებულების მაგალითს წარმოადგენს.
ქუთაისის უნივერისტეტის რექტორმა უნივერისტეტის 85 წლის იუბილეზე მიიწვია კაუნაისის უნივერისტეტის რექტორი, ასევე გამოითქვა მზაობა და სურვილი, ქუთაისის უნივერსიტეტში გაიხსნას ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი.
კაუნასში გამართული საქართველოს დღეების ფარგლებში, შედგა ცნობილი ლიტველი პოეტის ვლადას ბრაზიუნასის ლექსების ქართული თარგმანების ფოტოგამოფენა სახელწოდებით "ვლადას ბრაზიუნასის პოეზია ქართულ კალიგრაფში" (კალიგრაფის ნამუშევრები ეკუთვნით ლელო ბარბაქაძეს, ოთარ მჭედლიშვილს, ალიკა სალიას, ლეილა ბაღბაიას, ანამარია მესხორაძეს და თაზო გოჩელაშვილს), რომელიც მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურული პროექტების მენეჯერმა შალვა კამლაძემ. ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხა თავად პოეტმა ვლადას ბრაზიუნასმა. გამოფენის შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც ქართული და ლიტვური სიმღერები შეასრულეს ქართველმა სტუდენტებმა.
11 მაისს ქუთაისის მერიის დელეგაციამ ვიცე მერის იუზა უგულავას ხელმძღვანელობით გამართა შეხვდა კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეხვედრის ოქმს. აღინიშნა, რომ ორი ქალაქის მერიებს შორის ჩამოყალიბებული კონტაქტები წარმოადგენს ქუთაისისა და კაუნასის დაძმობილების კარგ წინაპირობას.
ქ. კაუნასში მიმდინარე საქართველოს დღეები ჩატარდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის, ქ. კაუნასის მუნიციპალიტეტის და კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.