Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მრგვალი მაგიდა "საქართველოს ავთენტური დასახელება ლიტვურ ენაში"

მრგვალი მაგიდა - დისკუსია „საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრება ლიტვურ ენაში“. 

18 აპრილს ლიტვის ჟურნალისტთა კავშირში გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია „საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრება ლიტვურ ენაში“, რომელიც ეხებოდა ლიტვურ ენაში საქართველოს დასახელების ცვლილებისა და აუთენტური დასახელების "საქართველო" დამკვიდრების საკითხს. 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა ლიტველმა ენათმეცნიერებმა და ლიტერატორებმა, რომლებმაც განიხილეს დასახელება Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების, ლიტვურ ენაში საქართველოს მაცხოვრებლების, ქართული ენის და ეროვნების აღმნიშვნელი შესაბამისი სახელწოდებების დამკვიდრების პერსპექტივები. 

დისკუსიას წარუძღვა ლიტვის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პოეტი ვლადას ბრაზიუნასი, დისკუსიაში მონაწილეობდნენ ლიტვის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისი, ლიტვის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის კომისიის წევრი დანუტე კალინაუსკაიტე, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი მეილუტე რამონიენე, ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორი რომა კრიაუჩიუნიენე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვიდას კავალიაუსკასი, ცნობილი პოეტი ვიოლეტა შობლინსკაიტე (ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ლიტვური თარგმანის ავტორი). 

დისკუსიის მონაწილეებს ასევე მიმართა საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ. მრგვალი მაგიდის დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს ინიციატივით ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის კურსის სტუდენტები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტები. 

შეგახსენებთ, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდება საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიამ მიმდინარე წლის 5 აპრილს მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ამჟამად კომისია განაგრძობს მსჯელობას სახელწოდების ლიტვური გრამატიკის წესებთან და ენის თავისებურებებთან მორგების შესახებ. გარდა ქვეყნის დასახელებისა, კომისია განსაზღვრავს საქართველოს მაცხოვრებლების, ქართული ენისა და ეროვნების აღმნიშვნელი შესაბამის სახელწოდებებს და ყველა ეს დასახელება ფორმირებული იქნება სიტყვიდან „საქართველო“. 

ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას. აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით სიმბოლური იქნება საქართველო-ლიტვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით. ასევე, ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს – 2018 წლის 26 მაისს.